გირაოს დაწესების მოთხოვნები

საიმიგრაციო გირაო

საიმიგრაციო კანონმდებლობის მიზნებისთვის, გირაო („bond“) არის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ან საიმიგრაციო სასამართლოს მიერ დადგენილი თანხა, რომელიც ათავისუფლებს პირს პატიმრობიდან იმ პირობით რომ იგი გამოცხადდება საიმიგრაციო სასამართლოს შემდეგ მოსმენაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაკავებულია აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ (ICE), შესაძლოა დაექვემდებაროს სავალდებულო პატიმრობას, ან გათავისუფლდეს თავდებით. დაექვემდებარება თუ არა პირი სავალდებულო პატიმრობას დამოკიდებულია მის წარსულ კრიმინალურ ისტორიაზე. თუ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გაათავისუფლეს ციხიდან 1998 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ და გასამართლებული იყავით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის ჩადენისათვის, თქვენ დაექვემდებარებით სავალდებულო პატიმრობას და ვერ შეძლებთ თავდებით გათავისუფლებას:

  • მორალს მოკლებული ორი ან მეტი დანაშაული, რომელიც ჩადენილია აშშ-ს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ. ამ ტიპის დანაშაულები არ არის განსაზღვრული კანონის რაიმე დებულებით და არ არსებობს ამ ტიპის სამართალდარღვევების  კონკრეტული სია, რომლებიც განსაზღვრავს მორალს მოკლებულ დანაშაულს. მიუხედავად ამისა, პრეცედენტული სამართალი განმარტავს მორალს მოკლებულ დანაშაულს, როგორც საქციელს, რომელიც ”არსებითად არის ამორალური ან გარყვნილი და ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ დადგენილ ზნეობრივ ნორმებსა და საზოგადოებრივ მოვალეობებს”. საერთოდ დანაშაულები, რომლებიც მოიცავს თაღლითობის ან ძალადობრივი დანაშაულების ელემენტებს, ითვლებიან მორალს მოკლებულ დანაშაულებად.
  • მძიმე დანაშაული, რომელსაც მიეკუთვნება შემდეგი დანაშაულები: მკვლელობა, გაუპატიურება ან არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობა; კონტროლირებადი ნივთიერებით უკანონო ვაჭრობა; თაღლითობა ან გადასახადებისგან თავის არიდება ($ 10,000-ზე მეტი); გამოძალვა;
  • კონტროლირებადი ნივთიერებებით სარგებლობასთან დაკავშირებული დანაშაულები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა;
  • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული დანაშაულები.

სავალდებულო დაპატიმრებასთან დაკავშირებული ეს წესები ვრცელდება მათზე, ვინც ფიზიკურად იმყოფება შეერთებულ შტატებში, მათ შორის მწვანე ბარათის მფლობელებზე.

გარკვეულწილად განსხვავებული წესები ვრცელდება მწვანე ბარათის მფლობელებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებიან შეერთებულ შტატებში, ასევე იმ პირებზე, რომლებიც შემოვიდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, და მათზე, ვინც აშშ-ში ჩამოსვლას აპირებს. თუ რომელიმე ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და გათავისუფლებული ხართ ციხიდან 1998 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ და გასამართლებული იყავით რომელიმე შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის, თქვენ ექვემდებარებით სავალდებულო პატიმრობას და დეპორტაციას:

  • მორალს მოკლებული ერთი დანაშაულის ჩადენა (წვრილმანი დანაშაულის გარდა, რომლისთვისაც პირს განესაზღვრა პატიმრობა არა უმეტეს 6 თვისა და რომლისთვისაც კანონით განსაზღვრული იყო მაქსიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა);
  • კონტროლირებად ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული;
  • ნარკოტიკით ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაული;
  • მრავალჯერადი ნასამართლეობა რომელთათვის დაკისრებული პატიმრობის ჯამური სასჯელი 5 წელს შეადგენს;
  • პროსტიტუცია;
  • ოჯახური ძალადობა.

სასამართლო მოსმენა და პროცედურები

გირაო შეიძლება თავდაპირველად დაწესდეს აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ. გირაოს თანხის გადახდისთანავე პირი დაუყონებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან, იმ პირობით თუ იგი არ ექვემდებარება სავალდებულო პატიმრობას, როგორც ეს ზემოთ იყო განხილული. თუ არ გაქვთ დაკისრებული თანხის გადახდის საშუალება, შეგიძლიათ მიმართოთ საიმიგრაციო სასამართლოს რათა ჩაატაროს მოსმენა გირაოს თანხის ხელახლა დადგენის მიზნით. აღნიშნულ მოსმენას ეწოდება „გირაოს შეფარდების მოსმენა“ (Bond hearing), რომლის დროსაც მოსამართლე განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და ასევე თქვენი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს.

გირაოს შეფარდების მოსმენის დროს საიმიგრაციო მოსამართლე ითვალისწინებს რიგ ფაქტორებს, როგორიც არის მიმალვის რისკი და ხართ თუ არა საშიში საზოგადოებისთვის. ამ კონტექსტში, „მიმალვის რისკი“ გულისხმობს პირის სასამართლოს შემდგომ მოსმენაზე არგამოცხადების რისკს. თუ წარსულში ხართ ნასამართლევი, გირაოს სანაცვლოდ თქვენი პატიმრობიდან გათავისუფლების ალბათობა ნაკლებია. მოსამართლე ასევე ითვალისწინებს თქვენს პიროვნულ თვისებებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სასამართლოს წარმოუდგინოთ რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება თქვენი წესიერებისა და რომ ხართ პასუხისმგებლიანი ადამიანი. ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს, მაგალითად:

  • თქვენი მეგობრების, მეზობლების, კოლეგების და ნაცნობების განცხადებები, რომლებიც კონკრეტული მაგალითების გამოყენებით დადებითად მსჯელობენ თქვენი პიროვნების შესახებ;
  • ქორწინების მოწმობა;
  • თქვენი შვილების დაბადების მოწმობები;
  • თუ სწავლობთ, სასწავლების მონაცემები;
  • საგადასახადო დეკლარაციები; და
  • სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ იმ ფაქტს რომ დადებითი და პასუხსმგებლიანი პიროვნება ხართ.

საიმიგრაციო მოსამართლეს არ შეუძლია გირაოს ოდენობა 1,500 დოლარზე ნაკლები დააწესოს, თუმცა მოსამართლე უფლებამოსილია გაათავისუფლოს პირი გირაოს გარეშეც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც მოსამართლე ასევე ითვალისწინებს, არის გაქვთ თუ არა საიმიგრაციო კანონმდებლობით გათვალიწინებული რაიმე შეღავათის მოთხოვნის საფუძველი. მაგალითად, თავშესაფარის ძიება, მწვანე ბარათის მიღება ნათესავური ურთიერთობის საფუძველზე. თუ ამგვარი არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ, პატიმრობიდან გათავისუფლების ალბათობა მცირეა და თუ მოსამართლე დათანხმდა თქვენს გაშვებას, გირაოს მოცულობა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს. ჩემს პრაქტიკაში, გირაოს ყველაზე დიდი ოდენობა რაც მოსამართლეს დაუდგენია $50,000 შეადგინა. 

თუ მიგაჩნიათ, რომ გირაოს თანხა ძალიან დიდია, შეგიძლიათ გაასაჩივროთ მოსამართლის გადაწყვეტილება საიმიგრაციო გასაჩივრების საბჭოში.

გირაო შესაძლებელია გადაიხადოს თქვენმა ნათესავმა ნაღდი ფულით. თუ გირაოს თანხა მაღალია და არ შეგიძლიათ მისი გადახდა, შეგიძლიათ მიმართოთ გირაოს გადახდის სააგენტოს (bondsman), რომელიც გირაოს თქვენს მაგივრად გადაიხდის გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ.

საიმიგრაციო სასამართლოში საქმის დახურვის შემდეგ, რომელიც ასევე  გულისხმობს ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვებას, გირაოს თანხა დაუბრუნდება მის თავდაპირველ მფლობელს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს სტატია არის საინფორმაციო ხასიათის და მისი მიზანი არ არის იურიდიული რჩევის მიცემა. გარდა ამისა, საიმიგრაციო კანონმდებლობა მუდმივად იცვლება და ამ სტატიის წაკითხვის დროს შეიძლება მოცემული წესები და კანონები უკვე შეცვლილი იყოს.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +1 (248) 630-3239.