მწვანე ბარათი (მუდმივი ბინადრობის ბარათი)

მწვანე ბარათი

მწვანე ბარათი უფლებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივად. მწვანე ბარათის ოფიციალური სახელწოდება არის მუდმივი ბინადრობის ბარათი, რომლის მოპოვების რამოდენიმე გზა არსებობს.

მწვანე ბარათის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა არის ქორწინება ამერიკის მოქალაქეზე.  ეს შედარებით ყველაზე მარტივ გზად იმიტომ ითვლება რომ პირმა მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა შეძლოს რომ ქორწინება ნამდვილია. ანუ ის რომ ქორწინება არ არის ფიქტიური და რომ იგი მხოლოდ მწვანე ბარათის მოპოვების მიზნით არ შემდგარა. ამ გზით მწვანე ბარათის მოპოვებიდან სამი წლის შემდეგ პირს შეუძლია განაცხადი შეიტანოს ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა ასევე არსებობს ნატურალიზაციისთვის დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც მოქალაქეობის მიღების მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს.   მაგ. კანონმორჩილება, აშშ-ში მუდმივი ბინადრობა და სხვა.

მწვანე ბარათის მოპოვება შესაძლებელია ასევე დასაქმებით, ინვესტიციის განხორციელებით, ნათესაური ურთიერთობების საფუძველზე, მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობით და თავშესაფრის მიღებით.

მწვანე ბარათი ნათესაური ურთიერთობების საფუძველზე

საიმიგრაციო კანონმდებლობის მიზნებისთვის, ოჯახის წევრის სტატუსი ვრცელდება ამერიკის მოქალაქის ან მწვანე ბარათის მფლობელის შემდეგ ახლო ნათასავებზე:

  • ამერიკის მოქალაქის მეუღლე, მშობლები და 21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი შვილები. იმ შემთხვევაში თუ ამერიკის მოქალაქე საიმიგრაციო პეტიციას ავსებს მშობელისთვის,  პეტიციის ხელმომწერი ამერიკის მოქალაქე უნდა იყოს 21 წლის მაინც.
  • ამერიკის მოქალაქის სხვა ოჯახის წევრები იყოფიან პრიორიტეტულ კატეგორიებად. ესენი არიან: 21 წელს მიღწეული დაუქორწინებელი შვილები, ნებისმიერი ასაკის ქორწინებაში მყოფი შვილები და დედმამიშვილები
  • მწვანე ბარათის მფლობელის მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები.

მწვანე ბარათი დასაქმების საფუძველზე

ეს კატეგორია მოიცავს შემდეგ პირებს:

  • პირები რომლებსაც თავაზობენ სამსახურს. უმეტეს შემთხვევაში ამ პირებს ესაჭიროებათ შრომის სერთიფიკატი და პოტენციური დამქირავებელი რომელიც მზად არის შუამდომლობა გაუწიოს მას საემიგრაციო სამსახურში.
  • ინვესტორები, რომლებსაც სურვილი აქვთ ინვესტიცია განახორციელონ კომერციულ საწარმოებში და ამით შექმნან სამუშაო ადგილები.
  • არაორდინარული შესაძლებლობების მქონე პირები და პირები რომლებსაც საემიგრაციო პეტიცია არ ესაჭიროებათ, რადგანაც მათ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობით შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანონ.
  • ერაყელი და ავღანელი თარჯიმნები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ავღანელი და ერაყელი მოქალაქეები, რომლებმაც დახმარება გაუწიეს აშშ-ს მთავრობას, პანამის არხზე მომუშავე პირები, ინფორმატორები და მოწმეები, ზოგიერთი კატეგორიის ექიმები.

მწვენე ბარათი თავშესაფარის მეშვეობით

პირს რომელმაც უკვე თავშესაფარი მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავშესაფარის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ შეუძლია განაცხადი შეიტანოს მწვანე ბარათის მისაღებად.  აღნიშნული განაცხადი ასევე ვრცელდება მის მეუღლეზე და შვილებზე.

მწვანე ბარათის მიღების სხვა გზები

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა არსებობს მწვანე ბარათის მოპოვების შემდეგი გზები:

  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • საცოლის ან საქმროს ვიზა
  • ძალადობის მსხვერპლი
  • ამერიკის მოქალაქის ქვრივი
  • V ვიზა რომელიც გაიცემა მწვანე ბარათის მფლობელის მეუღლეზე და შვილებზე
  • აშშ-ს შეიარაღებული ძალების წევრები
  • ტრეფიკინგის მსხვერპლი

სტატუსის შეცვლა

სტატუსის შეცვლა გულისხმობს მწვანე ბარათის მოპოვებას აშშ-ს ტერიტორიიდან გაუსვლელად. როდესაც პირს სურს მწვანე ბარათის მიღება და იგი არ იმყოფება აშშ-ს ტერიტორიაზე, იგი ჯერ ღებულობს საიმიგრაციო ვიზას ამერიკის საკონსულოში და აშშ-ს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ ღებულობს მწვანე ბარათს.

მწვანე ბარათის მიღების პროცესი აშშ-ს ტერიტორიაზე ანუ სტატუსის შეცვლა გაცილებით მარტივი პროცესია და ბევრად ნაკლები დრო ჭირდება ვიდრე საკონსულოში გასავლელ პროცედურას. სტატუსის შეცვლის შემთხვევაში პირს ეძლევა მუშაობის უფლება იმ პერიოდის განმავლობაში სანამ მის მწვანე ბარათის განაცხადს განიხილავენ.

მიუხედავად იმისა რომ სტატუსის შეცვლა მწვანე ბარათის მიღების ყველაზე მოსახერხებელი გზაა, ყველა პირს არ შეუძლია მწვანე ბარათის მოპოვება ქვეყნის დატოვების გარეშე. მაგალითად, თუ პირი არალეგალურად შემოვიდა აშშ-ს ტერიტორიაზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, მას არ შეუძლია სტატუსის შეცვლა ქვეყნის დატოვების გარეშე. ეს წესი არ ვრცელდება თავშესაფარის მაძიებლებზე და მათ შეუძლიათ მწვანე ბარათის მიღება ქვეყნიდან გაუსვლელად.

საერთოდ თუ პირმა გადააშორა ქვეყანაში დარჩენის ვადას 180 დღეზე მეტით ან იმუშავა ნებართვის გარეშე, მას არ შეუძლია სტატუსის შეცვლა. ეს წესი არ ვრცელდება ამერიკის მოქალაქის ახლო ნათესავებზე, რომელთაც შეუძლიათ სტატუსის შეცვლა და მწვანე ბარათის მიღება ქვეყნიდან გაუსვლელად იმ შემთხვევაშიც კი თუ არალეგალურად იმუშავეს ქვეყანაში ან დიდი ხანია რაც აშშ-ს ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევით იმყოფებიან.

სტატუსის შეცვლა ასევე არ შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც წარსულში დანაშაული აქვთ ჩადენილი.  საიმიგრაციო კანონმდებლობა სტატუსის შეცვლის მიზნებისთვის დანაშაულში გულისხმობს მორალს მოკლებულ სისხლის სამართლის დანაშაულს. კანონი ზუსტად არ განმარტავს თუ რომელია ამ ტიპის დანაშაული, მაგრამ ქურდობა, თაღლითობა და ძალადობის შემცველი დანაშაული უდაოდ ითვლება მორალს მოკლებულ დანაშაულად.  თუ პირი ამ მიზეზით ვერ აკმაყოფილებს სტატუსის შეცვლის მოთხოვნებს, მას შეუძლია პატიების თხოვნით მიმართოს მთავრობას, რაც ძალიან რთული პროცესია და წარმატების შანსიც მცირეა.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +1 (248) 900-3399.