ამერიკის მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით

მოქალაქეობის

ნატურალიზაცია არის უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ აშშ-ს მოქალაქეობის მიღების პროცესი. თუ პირის რომელიმე მშობელი ამერიკის მოქალაქეა იმ დროს როდესაც იგი დაიბადა ან თუ იგი ამერიკის ტერიტორიაზე იქნა დაბადებული, მაშინ იგი ავტომატურად ამერიკის მოქალაქე ხდება.

ნატურალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თუ პირი 5 წლის განმავლობაში არის მწვანე ბარათის მფლობელი ან თუ იგი დაქორწინებულია ამერიკის მოქალაქეზე და 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მწვანე ბარათის მფლობელი გახდა. ნატურალიზაცია შესაძლებელია ასევე აშშ-ს შეარაღებულ ძალებში სამსახურით.

ნატურალიზაციის მოთხოვნები

იმისათვის რომ ნატურალიზაციის პროცესი დაიწყოთ უნდა იყოთ სულ ცოტა 18 წლის და ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ რომელიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • თქვენ ფლობთ მუდმივი ბინადარის სტატუსს (მწვანე ბარათის მფლობელი) ბოლო 3 წლის განმავლობაში და მწვანე ბარათი მოპოვებული გაქვთ ამერიკის მოქალაქეზე ქორწინებით.  მთელი ამ ხნის პერიოდში ცხოვრობდით თქვენს მეუღლესთან ერთად და აშშ-ს ტერიტორია არ დაგიტოვებიათ 6 თვით ან უფრო მეტი ხნით. აშშ-ს ტერიტორიაზე ფიზიკურად იმყოფებოდით სულ ცოტა 18 თვე მაინც.
  • თქვენ ფლობთ მუდმივი ბინადარის სტატუსს ბოლო 5 წლის განმავლობაში და  მთელი ამ ხნის პერიოდში აშშ-ს ტერიტორია არ დაგიტოვებიათ 6 თვით ან უფრო მეტი ხნით. აშშ-ს ტერიტორიაზე ფიზიკურად იმყოფებოდით სულ ცოტა 30 თვე მაინც.
  • თქვენ მსახურობდით ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სულ ცოტა 1 წელი მაინც და საიმიგრაციო სამსახურში გასაუბრების დროს ხართ მწვანე ბარათის მფლობელი.

ნატურალიზაციის დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს “მორალური ხასიათი” (კანონმორჩილება), ინგლისური ენის ცოდნა და აშშ-ს ისტორიისა და კონსტიტუციის შესახებ ზოგადი წარმოდგენა.

მუდმივი ბინადრობა და ფიზიკურად ყოფნა აშშ-ს ტერიტორიაზე

მუდმივი ბინადრობა გულისხმობს იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია არ დაგიტოვებიათ ხანგრძლივი პერიოდით. იმ შემთხვევაში თუ აშშ-ს ტერიტორია დატოვეთ 6 თვეზე მეტი ხნით მაგრამ 1 წელზე ნაკლებით, შესაძლებელია რომ მუდმივი ბინადრობის პირობა დარღვეულად ჩაითვალოს. თუ აშშ-ს ტერიტორიაზე არყოფნის განგრძლივობამ 1 წელს მიაღწია, უმეტეს შემთხვევაში მუდმივი ბინადრობის პირობა დარღვეულად ჩაითვლება და შესაძლებელია მუდმივი ბინადარის სტატუსი დაკარგოთ, რაც მწვანე ბარათის ჩამორთმევას გულისხმობს.

მორალური ხასიათი

მორალური ხასიათის ქონა ნატურალიზაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. კანონი ზუსტად არ განმარტავს მორალური ხასიათის ცნებას, მაგრამ საიმიგრაციო სამსახური ითვალისწინებს პირის დანაშულებრივ წარსულს იმის გასარკვევად ფლობს თუ არა პირი “მორალურ ხასიათს” .  ქვემოთ ჩამოთვლილია იმ დანაშაულთა კატეგორიები რომლებიც მოწმობენ რომ პირს არ გააჩნია მორალური ხასიათი:

  • ნებისმიერი დანაშაული რომელიც მიმართულია პირის ან ქონების საზიანოდ.
  • ნებისმიერი დანაშაული პირადი ქონების ან მთავრობის წანააღმდეგ რომელიც შეიცავს ბოროტ განზრახვას ან თაღლითობას.
  • ორი ან მეტი დანაშაული რომელთათვის მთლიანობაში სასჯელის ოდენობა შეადგენს 5 წელს ან მეტს.
  • რომელიმე შტატის ან ქვეყნის ნარკოტიულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონის დარღვევა.
  • ალკოჰოლიზმი.
  • არალეგალურ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.
  • მრავალცოლიანობა ან მრავალქმრიანობა ერთსა და იმავე დროს.
  • ტყუილის თქმა საიმიგრაციო სტატუსის მოპოვების მიზნით.
  • ალიმენტის არგადახდა.
  • ბოლო 5 წლის (ან 3 წლის თუ ნატურალიზაცია ხორციელდება ამერიკის მოქალაქეზე ქორწინებით) განმავლობაში სასჯელის მოხდა ციხეში, თუ ტუსაღობის მთლიანი პერიოდი 180 დღეს ან მეტს შეადგენს.
  • პირმა არ დააკმაყოფილა პრობითი სასჯელის ან პრობაციის პირობები.
  • ტერორისტული საქმიანობა.
  •  ვინმეს დევნა რასის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, პოლიტიკური შეხედულებების და რომელიმე სოციალური ჯგუფის კუთვნილების ნიადაგზე.

ინგლისური ენის და სამოქალაქო საკითხების ცოდნა

იმისათვის რომ პირმა ნატურალიზაციის პროცესი წარატებით გაიაროს, მას მოეთხოვება იცოდეს ინგლისურად კითხვა, წერა და საუბარი. ასევე მან უნდა იცოდეს ზოგადად აშშ-ს ისტორია, მთავრობის სტრუქტურა და პრინციპები. მოქალაქეობის მიღების მსურველმა ასევე უნდა იცოდეს აშშ-ს კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილები.

არსებობს შემდეგი გამონაკლისი შემთხვევები როდესაც პირს არ მოეთხოვება ზემოთ ხსენებული პირობების დაკმაყოფილება:

  • თუ პირი აღემატება 50 წლის ასაკს და ბოლო 20 წლის განმავლობაში იგი არის მწვანე ბარათის მფლობელი, მას არ მოეთხოვება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება, მაგრამ მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდა აშშ-ს ისტორიაში და კონსტიტუციის შესახებ იმ ენაზე რომელზეც იგი საუბრობს.
  • თუ პირი აღემატება 55 წლის ასაკს და ბოლო 15 წლის განმავლობაში არის მწვანე ბარათის მფლობელი, მას არ მოეთხოვება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება, მაგრამ მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდა აშშ-ს ისტორიაში და კონსტიტუციის შესახებ იმ ენაზე რომელზეც იგი საუბრობს.
  • შეზღუდული უნარის მქონე პირები გათავისუფლებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულებისგან და მათ არ ევალებათ არცერთი გამოცდის ჩაბარაბა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ცნობის არსებობა რომელიც მოწმობს პირის უუნარობას.

ნატურალიზაციის პროცესი

ნატურალიზაციის პროცესი იწყება ფორმა N-400 შევსებით. ამასთანავე ამ ფორმას თან უნდა დაერთოს საიმიგრაციო სამსახურის მოსაკრებელი და დამატებითი საბუთები, რომელიც ამ ფორმის ინსტრუქციაში არის ჩამოთვლილი.

როდესაც საიმიგრაციო სამსახური მიიღებს საბუთებს, დაახლოებით 2-3 კვირის თავზე გამოგიგზავნით დასტურს რომ საბუთები ჩაიბარა. თუ საბუთებს რაიმე აკლია ან თუ ფორმაში რაიმე ხარვეზი არსებობს, საბუთები უკან დაგიბრუნდებათ.  საბუთების მიღებიდან ცოტა ხანში მოგივათ შეტყობინება თითების ანაბეჭდის შესახებ. თითების ანაბეჭდის აღებიდან რამოდენიმე თვეში დაგენიშნებათ გასაუბრება, რომლის დროსაც ასევე ჩააბარებთ გამოცდას ინგლისურ ენაში და სამოქალაქო საკითხებში. გასაუბრებზე ან გასაუბრებიდან მოკლე დროში შეიტყობთ თარიღს თუ როდის იქნება ფიცის მიღების ცერემონიალი, რომელზეც თქვენ გახდებით ამერიკის მოქალაქე და გადმოგეცემათ ნატურალიზაციის სერთიფიკატი. ამ სერთიფიკატის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ საპარპორტო ბიუროს რათა მიიღოთ ამერიკის მოქალაქის პასრორტი.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება, ანდა კონსულტაცია, გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა ან დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +1 (917) 426-8227 ან +1 (248) 630-3239.